English / ქართული / русский /
მალხაზ ჩიქობავა
ბრეტონ-ვუდსის კონფერენციის ჩატარების მიზეზები და აშშ დოლარის დომინირების საფუძვლები

ანოტაცია: ბრეტონ-ვუდსის თემა არასდროს კარგავს თავის აქტუალობას. ცხადია, ეს შემთხვევითი არარის. წელს ამ ფორუმის ჩატარებიდან სრულდება 75 წელი და ამ ხნის განმავლობაში მრავალი საინტერესო მასალა დაგროვდა, რომელიც გააზრებას და განზოგადებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ 1971 წლის 15 აგვისტოდან ბრეტონ-ვუდსის სისტემა გაუქმებულად ითვლება, ჩვენი აზრით, ის დღესაც ინარჩუნებს უდიდეს მნიშვნელობას. არსებობს მყარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს მის ერთგვარ რეანიმაციას, ანუ ბრეტონ-ვუდსის სისტემის რეინკარნაციას გარკვეული სახით.

თუ გადავშლით ენციკლოპედიას, ლექსიკონს ან სულაც მაკროეკონომიკის სახელმძღვანელოებს, წავიკითხავთ, რომ ბრეტონ-ვუდსი - ესაა კონფერენცია, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომისშემდგომი საერთაშორისო სავალუტო საფინანსო სისტემა. აღნიშნული სისტემა, ცხადია, ცარიელ ნიადაგზე არ წარმოშობილა, რადგანაც ბრეტონ-ვუდსამდეც, დაახლოებით საუკუნე-ნახევრის განმავლობაში არსებობდა გარკვეული სავალუტო-საფინანსო სისტემა, რომელსაც ჩვეულებისამებრ, ვუწოდებთ კლასიკურ ოქროს სტანდარტის სისტემას, ანუ ოქროს სავალუტო სტანდარტს.

სახელმძღვანელოებში, როგორც წესი, ნახსენებია რამდენიმე სავალუტო-საფინანსო სისტემა, კერძოდ: პარიზის, გენუის, ბრეტონ-ვუდსის და საბოლოოდ, იამაიკის სისტემა, რომლის პირობებშიც გვიხდება ცხოვრება. მოცემულ შემთხვევაში კლასიფიკაცია მიბმულია კონფერენციის დასახელებას, რომლებზეც თითქოსდა მიღებულ იქნა ესა თუ ის გადაწყვეტილება. საქმე ისაა, რომ მსგავს კონფერენციებში არავითარი გადაწყვეტილებები არ მიიღება. გადაწყვეტილება გაცილებით ადრეა მიღებული, რაც აშკარად ჩანს იამაიკის კონფერენციის მაგალითზე. ამ უკანასკნელ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა 1976 წლის 7-9 იანვარს, უბრალოდ გაფორმდა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მზადდებოდა, სულ მცირე, წინა ხუთი წლის განმავლობაში.

ზოგადად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამა თუ იმ კონფერენციაზე, იქნება ეს ბრეტონ ვუდსის თუ იამაიკის, თითქოს იკრიბებიან ინტელექტუალური ან სულაც, გენიალური ადამიანები, რომლებიც ატარებენ ე. წ. ბრეინშტურმს და ამის შემდეგ იბადება რომელიღაც ჭეშმარიტება, რომელსაც ერთსულოვნად უჭერენ მხარს, როგორც ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას. რასაკვირველია, ეს მცდარი წარმოდგენაა საერთაშორისო ფინანსების სფეროში მოვლენების განვითარების შესახებ.

ამჯერად, ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ბრეტონ-ვუდსის კონფერენცია, რა ისტორიულმა წანამძღვრებმა განაპირობა მისი ჩატარება სწორედ 1944 წლის 1-დან 22 ივლისის ჩათვლით და როგორ იქნა უზრუნველყოფილი აშშ დოლარის საერთაშორისო დომინანტობა. 

საკვანძო სიტყვები:  ოქროს სტანდარტი, ფიდუციარული ფული, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, საგადასახდელო ბალანსი, მე-2 მსოფლიო ომი, მეორე ფრონტი, ბრეტონ-ვუდსის კონფერენცია.

* * * 

თითქმის 75 წელია, რაც აშშ-ის დოლარი რჩება მთავარ მსოფლიო ვალუტად, რომლის აღზევება დაიწყო სავალუტო-საფინანსო კონფერენციის შემდეგ, სადაც ხელი მოეწერა გაერთიანებული ერების დეკლარაციას 1944 წლის 1-22 ივლისს, აშშ-ში, ნიუ-ჰემპშირის შტატის ქალაქ-კურორტ ბრეტონ-ვუდსში, სასტუმრო „მაუნთინ ვაშინგტონში“. კონფერენციაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო სავალუტო სისტემისა და მისი ორი მთავარი ინსტიტუტის - საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შექმნის თაობაზე.

კონფერენციაზე დელეგატებმა გამოხატეს მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის შექმნის სურვილი, სადაც ადგილი არ ექნებოდა ომების მთავარ მაპროვოცირებელ ნაციონალურ ეგოიზმს. აღნიშნულ ფორუმზე ძალიან ბევრი ითქვა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და უმუშევრობისა და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაზე. კეთილგანწყობილმა ატმოსფერომ ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა მსოფლიო სავალუტო სისტემის ჩამოყალიბებას აშშ-ის დოლარის დომინირებით.

კონფერენციის მომზადების პროცესში წარმოდგენილ იქნა ბრიტანული გეგმა მსოფლიოში აღიარებული ეკონომისტის ჯონ მეინარდ კეინზის მეთაურობით  და ამერიკული გეგმა აშშ-ის მაშინდელი ფინანსთა მინისტრის ჰენრი მორგენტაუს მოადგილის, ჰარი დექსტერ უაიტის მეთაურობით. კეინზის გეგმა ითვალისწინებდა საგადასახდელო ბალანსების რეგულირებას წარმოების, დასაქმების, შემოსავლებისა და ეფექტიანი მოთხოვნის ცვლილებით. ამ გეგმის მიხედვით, მსოფლიო სავალუტო სისტემის-წევრ სახელმწიფოებს უნდა შეექმნათ მრავალმხრივი საგადასახდელო სისტემა და კოლექტიური პასუხისმგებლობა უნდა აეღოთ  საერთაშორისო სავალუტო და საგადახდო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. კეინზის წინადადებით, უნდა ჩამოყალიბებულიყო საერთაშორისო საკლირინგო კავშირი, რომელიც მოახდენდა საერთაშორისო საანგარიშსწორებო ერთეულის - ბანკორის ემისიას (უნდა აღვნიშნოთ, რომ კეინზის ეს შემოთავაზება წააგავს ე.წ. SDR-ს (სესხების სპეციალური უფლებას), რომელიც საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ნაწილია, შექმნილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და განაწილებულია წევრ-ქვეყნებს შორის ოფიციალური რეზერვების სტატუსით). ბანკორი, რომელიც ცენტრალური ბანკების ანგარიშებზე იქნებოდა, უნდა გამოყენებულიყო მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ანგარიშსწორებებში საგადასახდელო ბალანსების  დეფიციტების აღმოსაფხვრელად, რომელიც არ გულისხმობდა ნივთობრივ ფორმას ან ოქროთი უზრუნვეყოფას. დასაშვები იყო ოქროს გაცვლა ბანკორზე, მაგრამ არა პირიქით [Кузнецов, 2001, 11-16].

კეინზის აზრით, 1920-იანი წლების ეკონომიკური შოკების ერთ-ერთი მიზეზი ლიკვიდურობის გლობალური უკმარისობა და მისი არათანაბარზომიერი განაწილება იყო. ამიტომ, ბრეტონ-ვუდსში მისი წინადადებით დაუყოვნებლივ უნდა შექმნილიყო 26 მლრდ დოლარის დამატებითი ლიკვიდურობა, რაც აშშ-ის მაშინდელი მშპ-ის 10%-ს შეადგენდა. კეინზი მკაცრად აკრიტიკებდა ფიქსირებულ სავალუტო კურსებს, რომელიც წარმოშობდა დეფლაციურ ზეწოლას ეროვნულ ეკონომიკაზე და აფერხებდა მის ზრდას. კეინზის ეს შეხედულება დასტურდებოდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი დიდი ბრიტანეთის მდგომარეობით. მოქნილი კურსები კი, კეინზის აზრით, პირიქით, აფართოებდა სარბიელს ეკონომიკური მანევრირებისათვის, რაც საშუალებას იძლეოდა ორიენტაცია აღებულიყო ეკონომიკის შიდა განვითარებაზე საკურსო პარიტეტების შენარჩუნებით [Ahamed, 2014. Р. 39].

უაიტის გეგმა ხაზს უსვამდა გაცვლითი კურსების სტაბილიზაციის აუცილებლობას სავალუტო რისკების აღმოსაფხვრელად, რომელიც ზიანს აყენებდა საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტიციებს. ის ილაშქრებდა პროტექციონიზმის ნებისმიერი ფორმისა და გამოვლინების წინააღმდეგ. არსებობდა მაღალი რისკი იმისა, რომ ომისშემდგომ პერიოდში პარტნიორი ქვეყნები მიმართავდნენ სავაჭრო შეზღუდვებს, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ამერიკულ ექსპორტს. ეს კი განსაკუთრებით მტკივნეულად აისახებოდა აშშ-ის ომისშემდგომ განვითარებაზე, მეტადრე სამხედრო დაკვეთების მოსალოდნელი მკვეთრი შემცირების პირობებში. აშშ-სათვის არანაკლებ საფრთხის შემცველი იყო ევროპაში შესაძლო მაღალი ინფლაცია და ევროპული ვალუტების გაუფასურება ომისშემდგომი აღორძინების პროცესში. ყოველივე ეს ამერიკას უქადდა უმუშევრობის გარდაუვალ ზრდას და სოციალურ დაძაბულობას. ამიტომ, ვაშინგტონი ცდილობდა მიეღწია დისკრიმინაციული საკლირინგო შეთანხმებების აკრძალვისათვის, სავალუტო შეზღუდვების გაუქმებისა და მთლიანობაში, დოლარის როლის გაძლიერებისათვის, ამ უკანასკნელის საერთაშორისო ექსპანსიის ხარჯზე.

მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ში კონცენტრირებული მსოფლიო ოქროს კოლოსალური მარაგის გამო აშშ-ის ადმინისტრაცია და საქმიანი წრეები ღელავდნენ მის ბედზე. მსოფლიო ეკონომიკის ფიდუციარულ (ე.ი., ძვირფასი ლითონების მარაგებით არაუზრუნველყოფილ) ფულზე გადასვლის შემთხვევაში, რომელიც კეინზის გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო, აშშ-ის ოქროს რეზერვები გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ნედლეულად. ამრიგად, კეინზის გეგმის განხორციელებისა და ზემოხსენებული ობიექტური მიზეზების გამო, აშშ მის სასარგებლოდ შექმნილი უნიკალური უპირატესობიდან ვერ შეძლებდა ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის მიღებას [Валентин Катасонов, 2015, 8].

ხანგრძლივი დებატების შემდეგ კონფერენციის დელეგატებმა უარყვეს ბრიტანული გეგმა და მხარი დაუჭირეს ამერიკულს. დოლარი ახალი საერთაშორისო სავალუტო სისტემის ცენტრალური ნაწილი გახდა, ხოლო თეზისი „დოლარი ისევე კარგია, როგორც ოქრო“, ოფიციალურად დადასტურდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდებაში. აშშ-მა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოში დოლარის დომინირებას, რაც მას საშუალებას აძლევდა სხვა ქვეყნებისთვის თავს მოეხვია ვაშინგტონისთვის მომგებიანი სავალუტო-საფინანსო პოლიტიკის გატარება.

აშშ-ის ტრიუმფს სოლიდური ეკონომიკური საფუძველი გააჩნდა. მოკავშირეებისადმი სამხედრო-სამრეწველო პროდუქციის მიწოდებამ ამერიკულ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობას განვითარების მძლავრი იმპულსი მისცა. ომის დასრულებისას აშშ-მა თავი მოუყარა მონეტარული ოქროს მსოფლიო მარაგების ¾-ზე მეტს და იმ დროისთვის, არც ერთ სხვა ქვეყანას, გარდა აშშ-ისა, არ შეეძლო ეროვნული ვალუტის თავისუფლად გაცვლა ყვითელ ლითონზე.

ჯერ კიდევ II მსოფლიო ომამდე დოლარმა დაიწყო ფუნტი სტერლინგის შევიწროება სახელმწიფო სესხის ობლიგაციების ბაზარზე. პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან მომდევნო 12  წლის განმავლობაში სახელმწიფო ვალის საერთო ღირებულებაში დოლარის წილი დაახლოებით 45%-ს შეადგენდა, ხოლო ფუნტის წილი - 50%-ზე ოდნავ მეტს. 1930 წელს ბრიტანული ეკონომიკის ვარდნის შემდეგ ფუნტის მნიშვნელობა თანდათანობით შემცირდა. დოლარის პოზიცია, პირიქით, გაძლიერდა, რასაც ხელს უწყობდა ამერიკული საფონდო ბაზრის მასშტაბების ზრდა [Chitu et al., 2012, 10-13].

ყოველივე ამის შემდეგ ისმის კითხვა: ნიშნავდა თუ არა აღნიშნული წინაპირობები იმას, რომ მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ დოლარი აუცილებლად უნდა გამხდარიყო მსოფლიოს მთავარი ვალუტა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უპრიანი იქნება მოკლედ მიმოვიხილოთ მსოფლიო სავალუტო სისტემის ევოლუციის ისტორიული ფაქტები.

როგორც ცნობილია, მე-19 საუკუნეში ინგლისი აქტიურად მიმართავდა სახელმწიფოთაშორის სავალუტო რეგულაციებს ფუნტი სტერლინგის პოზიციების გასამყარებლად. ოქროს სტანდარტზე გადასვლით მან მიაღწია ოქროს, როგორც მთავარი მონეტარული ლითონის ოფიციალურ აღიარებას. თუმცა, ფუნტის აღზევება ერთბაშად არ მომხდარა. მას ამისთვის რამდენიმე ათწლეული დასჭირდა. ამ ხნის განმავლობაში მოქმედებდა ალტერნატიული სისტემები: ბიმეტალიზმზე დაფუძნებული ლათინური მონეტარული კავშირი, სკანდინავიური კავშირი, ქაღალდის ფულის სისტემა ავსტრო-უნგრეთსა და რუსეთში, ვერცხლზე დამყარებული მექსიკის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების ფულადი სისტემები. ფუნტი სტერლინგის მსოფლიო ვალუტად ჩამოყალიბებისგან განსხვავებით, ოქრო-დოლარის სტანდარტის დამყარება ნახტომისებურად მოხდა. ის განხორციელდა მთავრობების ნორმატიული გადაწყვეტილებებით და არა ევოლუციური განვითარების გზით [Буторина О. В., 2018, 59].

ოქრო-დოლარის სტანდარტის ბუნებრივ ალტერნატივად შეიძლება მივიჩნიოთ კოორდინირებული გადასვლა ქაღალდის ფულის მიმოქცევაზე. მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში რუსეთსა და ავსტრო-უნგერთს მდგრადი ფულადი მიმოქცევის შთამბეჭდავი გამოცდილება დაუგროვდათ, რომელიც დაფუძნებული იყო ე.წ. დაუხურდავებელ ქაღალდის ფულზე. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მხოლოდ ცალკეულმა ქვეყნებმა მცირედი ხნით აღადგინეს თავიანთი ვალუტების ოქროს შემცველობა. ამ პერიოდში არსებული მყიფე ოქროს სტანდარტი სავსებით შესაძლებელი იყო გამხდარიყო ფიდუციარულ ფულზე საყოველთაო გადასვლის პროლოგი. 1930-იანი წლების დიდმა დეპრესიამ მნიშვნელოვნად გააძლიერა შეხედულებები ფულის სასაქონლო უზრუნველყოფის შეწყვეტის სასარგებლოდ. აშშ-ში შიდა მიმოქცევიდან ოქროს მონეტები ბოლოს ამოღებულ იქნა 1933 წელს.   

სწორედ ამგვარ გადაწყვეტილებას - ვალუტის ოქროს შემცველობაზე უარის თქმას და ფიდუციარულ ფულზე გადასვლას - მოითხოვდა დაჟინებით კეინზი. მაგრამ, ბრეტონ-ვუდსის გადაწყვეტილებამ მსოფლიო ეკონომიკა მე-19 საუკუნის ყავლგასული პრაქტიკისკენ შემოაბრუნა, როცა ვალუტების გაცვლითი კურსების თანაფარდობები ვალუტების ოქროს შემცველობის საფუძველზე ყალიბდებოდა - იმ პრინციპული განსხვავებით, რომ უკვე პირდაპირ ოქროზე იცვლებოდა მხოლოდ აშშ დოლარი. ყველა სხვა დანარჩენი ვალუტა კონვერტირდებოდა ყვითელ ლითონში გასაშუალებულად, რამაც იმთავითვე განსაზღვრა აშშ დოლარისადმი მათი დაქვემდებარებული მდგომარეობა გლობალურ ფინანსებში.

როგორ მოხდა, რომ იდეურ დაპირისპირებაში ბრეტონ-ვუდსში თანამედროვეობის ყველაზე გავლენიანი ეკონომისტი პირწმინდად დამარცხდა ამერიკელი ტექნოკრატის მიერ? წარმომადგენლობითმა კონფერენციამ რის საფუძველზე გადადგა ნაბიჯი უკან მსოფლიო ფინანსური სისტემის განვითარებაში, როცა მეოთხედი საუკუნით გადაიდო ფიდუციარულ ფულზე გადასვლა? და ბოლოს, რატომ არ იქნა წამოყენებული ამერიკული გეგმის ალტერნატიული ვარიანტები სხვა ევროპული ქვეყნების, კერძოდ, საფრანგეთის, ავსტრიის, შვეციისა და ჰოლანდიის მიერ, რომლებსაც ავტორიტეტული ეკონომიკური სკოლები და სარეზერვო ვალუტების ემისიის დიდი გამოცდილება ჰქონდათ?

ბრეტონ-ვუდსის კონფერენციის ჩატარებას თავისი წინაპირობა გააჩნდა. გაერთიანებულმა ანგლო-ამერიკულმა შტაბმა 1944 წლის 12 თებერვალს გამოსცა დირექტივა ოპერაცია „ოვერლორდის“ განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებდა ლა-მანშის ფორსირებას და ნორმანდიაში ამერიკის, კანადისა და ბრიტანეთის გაერთიანებული დესანტის გადასხმას 1 მილიონზე მეტი ადამიანით. აღნიშნული ოპერაცია ევროპაში მეორე ფრონტის გახსნას ნიშნავდა.

ორი კვირის შემდეგ, 1944 წლის 25 თებერვალს, სტალინმა რუზველტისგან მიიღო საიდუმლო წერილი, რომელიც მთლიანად ეძღვნებოდა მომავალ საერთაშორისო სავალუტო კონფერენციის ჩატარებას. საბჭოთა მთავრობის მეთაურმა გაუგო ამერიკის პრეზიდენტს სწორედ ისე, როგორც მას ეს სურდა. საბჭოთა კავშირის თანხმობას კონფერენციის ჩატარებაზე, რომელსაც წილად ხვდა ომის მთავარი სიმძიმის საკუთარ თავზე აღება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ კონფერენციის საერთაშორისო ავტორიტეტისა და უფლებამოსილებისთვის.

კონფერენციის მოწვევა სრული სვლით მიმდინარეობდა. ფინანსთა მინისტრმა მორგენტაუმ 1943 წლის 5 აპრილს უაიტის გეგმის პროექტი გაუგზავნა ანტიჰიტლერული კოალიციის 37 ქვეყანას. მალე პრესაში გაჩნდა კეინზის გეგმა. ტექნიკური ექსპერტების 1944 წლის 21 აპრილის ერთობლივი განცხადება ერთდროულად გამოქვეყნდა ვაშინგტონში, ლონდონში, მოსკოვში, ჩინცინში, ოტავაში, რიო-დე ჟანეიროში, მეხიკოსა და ჰავანაში. მოცემული სია წარმატებით ქმნიდა გლობალური მასშტაბის ილუზიას, თუმცა რვა დედაქალაქიდან ხუთი ამერიკაში იმყოფებოდა, რომლებიც მონროს დოქტრინის მიხედვით განეკუთვნებოდა აშშ-ის გავლენის სფეროს. ჩინური ჩუნცინი დედაქალაქის ფუნქციას დროებით ასრულებდა. უწინდელი დედაქალაქები ნანკინი, პეკინი და შანხაი იაპონიის მიერ იყო ოკუპირებული. ტერიტორიაზე, რომელზეც არ ვრცელდებოდა ჩინეთის მთავრობის ძალაუფლება, ცხოვრობდა მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, სადაც განთავსებული იყო ქვეყნის მთავარი საწარმოო ძალები. იაპონურ სამხედრო გემებს რამდენიმე წელი ალყაში ჰქონდათ მოქცეული ჩინური პორტები [Буторина О. В., 2018, 62].

1944 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა რუზველტმა 44 ქვეყნის მთავრობას კონფერენციაზე დასასწრებად მოწვევა დაუგზავნა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის შემდეგ - 1 ივლისს გაიხსნა. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ იმ დროს ევროპიდან აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთის კიდეზე განთავსებულ შტატ ნიუ-ჰემპშირამდე გზა საჭიროებდა 7-10 დღეს მოგზაურობისთვის (მათ შორის, ატლანტიკის ოკენის გადაცურვას და მატარებლით მგზავრობას), ხოლო აფრიკიდან და აზიიდან ჩასასვლელად კიდევ უფრო მეტი დრო იყო საჭირო. ამგვარად, მოწვევა გაგზავნილ იქნა ძალიან შემჭიდროებულ ვადაში.

ბრეტონ-ვუდსის კონფერენცია გაიხსნა მეორე ფრონტის გახსნიდან 25 დღის შემდეგ. მისი მოწვევა ამ მოვლენამდე პრინციპულად შეუძლებელი იყო, რადგანაც ანტიჰიტლერული კოალიციის თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა იმყოფებოდა გერმანული ოკუპაციის ზონაში და მოკლებული იყო სახელმწიფოებრიობას. მეორე ფრონტის გახსნამ აღმოფხვრა ეს დაბრკოლება. ნორმანდიაში გადასხმა მეომარ ერებს უნერგავდა ფაშიზმზე მალე გამარჯვების მოპოვების იმედს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დევნილობაში მყოფ ევროპულ მთავრობებს ლეგიტიმურობას ანიჭებდა. მაშასადამე, ყველა პირობა არსებობდა იმისათვის, რათა ბრეტონ-ვუდსის 1944 წლის 1-22 ივლისის კონფერენციის გადაწყვეტილება უფლებამოსილად ჩათვლილიყო [Валентин Катасонов, 2015, 12].

აღსანიშნავია, რომ აშშ ცდილობდა რაც შეიძლება ადრე მოეწვია სავალუტო ფორუმი. ამაზე მიუთითებს კონფერენციების გრაფიკი, რომლებიც ჩატარდა დიდი სამეულის მოსკოვისა და თეირანის შეხვედრების გადაწყვეტილებით, შესაბამისად, 1943 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფორმირების საკითხებზე მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ამათ შორის პირველი, რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, სავალუტო საკითხისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახდა, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა უსაფრთხოებასთან.

ბრეტონ-ვუდსში სხდომა, მიუხედავად იმისა, რომ მას უწოდებდნენ გაერთიანებული ერების კონფერენციას, ჩატარდა ორი თვით ადრე, ვიდრე დიდი სამეული შეათანხმებდა გაეროს მიზნებსა და სტრუქტურას და ერთი წლით ადრე, ვიდრე ხელი მოეწერებოდა მის წესდებას. შევნიშნოთ, რომ გაეროს კონფერენციის მოწვევაზე გადაწყვეტილება საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის მთავარ საკითხებზე - ვაჭრობასა და დასაქმებაზე - მიღებულ იქნა 1946 წლის თებერვალში, ხოლო თვითონ ფორუმი გაიხსნა 1947 წლის ნოემბერში - ომის დამთავრებიდან თითქმის ორწელიწად-ნახევრის შემდეგ.

აჩქარება, რომლითაც აშშ იწვევდა სავალუტო კონფერენციას, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ ყოფილა. რუზველტის ადმინისტრაცია ისახავდა მკაფიო მიზანს და მას ესმოდა, რომ მიზნის მისაღწევად არსებული შესაძლებლობები მალე შეიძლება გამქრალიყო. ამერიკული მხარის მოტივებში გასარკვევად გავიხსენოთ 1944 წლის სამხედრო ოპერაციები.

ვიდრე ფორუმის მონაწილეები იმყოფებოდნენ ფეშენებელურ სასტუმროში „მაუნთ ვაშინგტონი“, რომელსაც ჰქონდა საცეკვაო დარბაზი, დახურული საცურაო აუზები და შიდა ეზოები ვიტრაჟებით ტიფანის სტილში, მოკავშირეების საექსპედიციო ძალებმა გააფართოვეს პლაცდარმი ნორმანდიაში, საიდანაც ისინი აპირებდნენ ბრეტანსა და ლუარის აუზში შეღწევას. ივნისის განმავლობაში, მიუხედავად შტორმისა, მოკავშირეების ჯარმა აღმართა ასაწყობი პორტები, ასევე მათზე დააგეს გზები ნახევარკუნძულის სიღრმეებისკენ ბულდოზერებისა და ფოლადის ბადეების დახმარებით. თვის ბოლოს ისინი დაეუფლნენ ქალაქს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ღრმაწყლოვან პორტ შერბურს. საფრანგეთის დედაქალაქი ელოდებოდა გათავისუფლებას აგვისტოს ბოლოსათვის.

ამ ოპერაციამდე რამდენიმე ხნით ადრე, 1944 წლის მაისში, ანგლო-ამერიკული ჯარი, ფრანგებისა და პოლონელების მხარდაჭერით, გადავიდა ფართო შეტევაზე იტალიის მატერიკზე. მოკავშირეები 1944 წლის 4 ივნისს შევიდნენ რომში იმ იმედით, რომ მალე დაიკავებდნენ ფლორენციას და მოახდენდნენ პიზა-რიმინის ხაზის ფორსირებას, რათა გასულიყვნენ მდინარე პოს ხეობაში. სექტემბერში მოკავშირეებმა დაიწყეს ნეაპოლის რაიონზე შეტევა [Буторина О. В., 2018, 66].

1944 წლის 10 ივნისს წითელმა არმიამ დაიწყო საერთო საზაფხულო შეტევის პირველი ტური, ხოლო ივლისის ბოლოს - მისი მეორე ტური 130 დივიზიის მონაწილეობით, ჯავშანსატანკო დივიზიების ჩათვლით. ივლისისათვის კარელიის ფრონტის ნაწილი გავიდა საბჭოეთი-ფინეთის საზღვარზე, ხოლო ლენინგრადის ფრონტის ნაწილი მიუახლოვდა ნარვას. მოწინააღმდეგის მსხვილი დაჯგუფება განადგურებულ იქნა ვილნიუსში. ოპერაცია „ბაგრატიონის“ მსვლელობისას საბჭოთა ჯარმა აიღო მინსკი, მთლიანად გაათავისუფლა ბელორუსია, გადაკვეთა საზღვარი პოლონეთთან და გააგრძელა წარმატებული შეტევები ვარშავის მიმართულებით. პირველი უკრაინული ფრონტის არმიებმა ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს გერმანელთა ჯარი ლვოვში. 1944 წლის 17 ივლისს მოსკოვში, როდესაც ბრეტონ-ვუდსის კონფერენციაზე მიმდინარეობდა რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საწესდებო დოკუმენტების შეთანხმება, ქუჩებში ბადრაგის თანხლებით ჩაატარეს 57 ათასი ტყვე გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი, მათ შორის, 19 გენერალი. კონფერენციის დამთავრებამდე ორი დღით ადრე, 20 ივლისს მაღალი რანგის გერმანელ ოფიცერთა ჯგუფმა განახორციელა ჰიტლერზე თავდასხმა ნაცისტური მთავრობის დამხობისა და მოკავშირეებთან მოლაპარაკების დაწყების მიზნით. ჰიტლერი სასწაულებრივად გადაურჩა ტერაქტს. ამ აქტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა გახსნილიყო გზა ცეცხლის შეწყვეტისკენ და ომის სწრაფად დამთავრებისკენ, მით უფრო, რომ საბჭოთა ჯარი გასული იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვართან. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში მოკავშირეთა ყურადღება მთლიანობაში გადაერთვებოდა მსოფლიოს ომისშემდგომი მოწყობის საკითხების გადაჭრაზე, ოკუპირებული ქვეყნების სახელმწიფოებრიობის აღდგენაზე, საზღვრების დემარკაციაზე და ა.შ.. გერმანიის კაპიტულაცია უთუოდ გადაავადებდა სავალუტო კონფერენციას ერთი წლით ან უფრო მეტი ხნით. თუ ამერიკულ დაზვერვას გააჩნდა ცნობა დაგეგმილი თავდასხმის შესახებ, მაშინ აშშ-ის მთავრობას ექნებოდა ყველანაირი გონივრული საფუძველი ბრეტონ-ვუდსში შეხვედრის ფორსირებისათვის.

1944 წლის ზაფხულისათვის მეორე მსოფლიო ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. სტალინგრადის, ელ-ალამეინის, კურსკისა და იტალიაში მოკავშირეების გადასხმის შემდეგ ნაცისტებმა საბოლოოდ დაკარგეს სტრატეგიული ინიციატივა, გადავიდნენ თავდაცვასა და უკან დახევაზე. თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ომი კიდევ, ამის თქმა არავის შეეძლო. ევროპაში მეორე ფრონტის გახსნისა და თეირანში შეთანხმებული საბჭოთა ჯარის საერთო შეტევის შემდეგ ნათელი გახდა, რომ გერმანია უკვე დიდი ხნით ვერ შეძლებდა ორ ფრონტზე ომის წარმოებას.

ევროპის ქვეყნების სწრაფი გათავისუფლება საბჭოთა და მოკავშირეთა ჯარების მიერ ძირფესვიანად შეცვლიდა სავალუტო კონფერენციის ფორმატს და მისი მონაწილეების შემადგენლობას. ის გეოგრაფიულად გაფართოვდებოდა ნეიტრალური და კაპიტულირებული ქვეყნების ხარჯზეც კი, ასევე გაძლიერდებოდა იურიდიულად და პროფესიულად. უუფლებო ემიგრანტული მთავრობების ნაცვლად ფორუმზე თავს მოიყრიდნენ უფლებამოსილი მინისტრები და ფუნქციონერები, რომლებიც მზად იყვნენ დაეცვათ ეროვნული ინტერესები. ამგვარი ინტერესების ფორმირება შეიძლება მომხდარიყო საბრძოლო მოქმედებების დამთავრებამდე: მეორე ფრონტის გახსნა მკვეთრად გაააქტიურებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ევროპულ ქვეყნებში წინააღმდეგობების ფრონტს, რაც გავლენას მოახდენდა პოლიტიკური ელიტების სწრაფ კონსოლიდაციაზე.

ამიტომ, ამერიკისთვის კონფერენციის ჩატარების დროის თვალსაზრისით, ყველაზე ხელსაყრელი იყო პერიოდი მეორე ფრონტის გახსნიდან ნომინალური ემიგრანტული მთავრობების ქმედუნარიანი მინისტრთა კაბინეტებით ჩანაცვლებამდე და მით უფრო, ცეცხლის შეწყვეტამდე და ევროპის ქვეყნების მიერ სუვერენიტეტის მოპოვებამდე. ეს ვაშინგტონს სავალუტო-საფინანსო კონფერენციაზე მისთვის სასურველი შედეგების მიღწევის საშუალებას ანიჭებდა.

ერთი სიტყვით, ბრეოტნ-ვუდსში თავი მოიყარა ხუთივე კონტინენტის 44 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, რომლებზეც მოდიოდა დედამიწის მოსახლეობის 67%, 1950 წლის დემოგრაფიული სტატისტიკის თანახმად. აზიას წარმოადგენდნენ ჩინეთი, ბრიტანეთის დომინიონი ინდოეთი, ირანი, ერაყი და იაპონური ჯარების მიერ დაკავებული ფილიპინები. აფრიკიდან ფორუმზე ჩამოვიდნენ დელეგაციები ეგვიპტიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ლიბერიიდან და ეთიოპიიდან. 44 სახელმწიფოდან 21 იმყოფებოდა დასავლეთ ნახევარსფეროში. აშშ-ისა და კანადის გარდა, კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბოლივია, ბრაზილია, ვენესუელა, კოლუმბია, მექსიკა, პარაგვაი, პერუ, ურუგვაი, ჩილე, ეკვადორი. გარდა ამისა, კონფერენციაზე წარმოდგენილნი იყვნენ ცენტრალური ამერიკის მცირე სახელმწიფოები: ჰაიტი, გვატემალა, ჰონდურასი, დომენიკის რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, კუბა, ნიკარაგუა, პანამა და სალვადორი.  

კონფერენციაზე ევროპას, საბჭოთა კავშირის გარდა, წარმოადგენდა შემდეგი სახელმწიფოები: ბელგია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია და იუგოსლავია. რეალური სახელმწიფოებრიობა გააჩნდა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და ისლანდიას. ამ უკანასკნელმა, ხანგრძლივი ოკუპაციის შემდეგ, მოკავშირეების მიერ ორი კვირით ადრე მოიპოვა ის. დანარჩენი ცხრა ევროპული ქვეყანა _ მონაწილე იყო ნაწილობრივ ან სრულიად ოკუპირებული გერმანიის და მისი სატელიტების მიერ [Буторина О. В., 2018, 70].  

ბელგიის, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის გათავისუფლება დაიწყო 1944 წლის სექტემბერში, ანუ, კონფერენციის მიმდინარეობისას ეს ქვეყნები სრულად იყვნენ ოკუპირებულნი. შემოდგომისათვის დაიწყო ნიდერლანდების რაიონების გათავისუფლება სამხრეთით რეინიდან, ასევე ნორვერგიის ჩრდილოეთი რაიონების და იუგოსლავიის აღმოსავლეთი და სამხრეთი მხარეების გათავისუფლება. პოლონეთი ნახევარი წლის შემდეგ - 1945 წლის თებერვალში გათავისუფლდა. ჩეხოსლოვაკიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის სრული გათავისუფლება მოხდა 1945 წლის მარტში.

კონფერენციაზე ეს სახელმწიფოები წარმოდგენილნი იყვნენ ლონდონში „დევნილობაში მყოფი მთავრობების“ წევრებით, საზოგადო მოღვაწეებით, ამერიკულ უნივერსიტეტებში მოღვაწე პროფესორებით, ასევე აშშ-ში ელჩებითა და ეკონომიკური მისიების წევრებით. ჩეხოსლოვაკიას წარმოადგენდა ლონდონში მოქმედი ემიგრაციული ეროვნული საბჭო, რომელიც აღიარებული იყო, როგორც ანტიჰიტლერული კოალიციის წევრი-ქვეყნის მთავრობა. საფრანგეთის დელეგაცია შედგებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრანგული კომიტეტის ორი წევრისგან. ეს კომიტეტი წარმოადგენდა პატრიოტულ ანტიფაშისტურ ორგანოს გენერალ შარლ დე გოლის მეთაურობით. რასაკვირველია, შეუძლებელი იყო ქვეყანა წარმოედგინა ხელისუფლების სათავეში მყოფ პეტენის კოლაბორაციონისტულ მთავრობას.

პოლიტიკური მიზეზების გამო, გაერთიანებული ერების კონფერენციაზე წარმოდგენილი არ ყოფილა გერმანიისა და მისი ევროპელი მოკავშირეების - იტალიის, რუმინეთის, უნგრეთის, ფინეთისა და ბულგარეთის დელეგაციები. საერთო ჯამში, მათი მოსახლეობა 1950 წლის მონაცემებით შეადგენდა 155 მლნ ადამიანს. ავსტრია, რომელსაც გააჩნდა ძლიერი ეკონომიკური სკოლა და, სხვა შემთხვევაში, შეეძლო პროევროპული გეგმის წამოყენება ახალი საერთაშორისო სავალუტო სისტემის მოსაწყობად, 1944 წლის ზაფხულისათვის წარმოადგენდა მესამე რეიხის ნაწილს. კონფერენციაში არ მონაწილეობდა მთლიანად ოკუპირებული დანია.

პრეზიდენტმა რუზველტმა მოსაწვევები არ გაუგზავნა ნეიტრალურ ქვეყნებს: შვეციას, შვეიცარიას, ესპანეთს, პორტუგალიას და თურქეთს. ბრეტონ-ვუდსში მათი მისამართით გაისმა მკვეთრი საყვედური გერმანიასთან თანამშრომლობის გამო; მათი ბანკები, აგრეთვე ბაზელში არსებული საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი დაადანაშაულეს ნაცისტების მიერ ნაძარცვი ფინანსური საშუალებების განთავსებაში. ამ ქვეყნებმა უფლება მიიღეს შეერთებოდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს მხოლოდ 1946 წლის 1 იანვრის შემდეგ.

ერთი სიტყვით, შექმნილი მდგომარეობა და ზემოაღნიშნული წარმომადგენლობა ასუსტებდა ევროპის პოზიციებს და ძალთა ბალანსს ცვლიდა ამერიკის კონტინენტის სასარგებლოდ. ფორუმზე წარმოდგენილი ამერიკის ერების ერთობლივი მოსახლეობა შეადგენდა 331 მილიონ ადამიანს, ევროპისა კი - 176 მილიონს, საიდანაც მხოლოდ 51 მილიონი ცხოვრობდა დამოუკიდებელ სახელმწიფოებში. ევროპიდან კონფერენციას ესწრებოდა 38 დელეგატი, 10-ით ნაკლები, ვიდრე ცენტრალური და სამხრეთი ამერიკიდან [Буторина О. В., 2018, 71]. 

ასეთი შემადგენლობა პასუხობდა აშშ-ის ინტერესებს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ევროპის ქვეყნები, რომლებსაც ადრე ჰქონდათ ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო ვალუტები, უკვე სიითი შემადგენლობის მხოლოდ მეოთხედს შეადგენდნენ. რიცხოვნობის მიხედვით ისინი იყვნენ იმდენივე, რამდენიც ცენტრალური ამერიკის ქვეყნების დელეგატები, რომლებიც მინიმალურ როლს თამაშობდნენ მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში. მეორე, აშშ-ის პოტენციური ევროპელი ოპონენტების უმრავლესობას არ გააჩნდა სახელმწიფოებრიობა და სრულფასოვანი მთავრობები მოქმედი აპარატებითა და მსოფლიო ფინანსების სფეროში სპეციალისტების შტატებით. მესამე, მონაწილეთა გრძელი სია ქმნიდა ფართო წარმომადგენლობის ეფექტს და, ამგვარად, განაპირობებდა მისაღები გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას.

ბრეტონ-ვუდსში ამერიკელებმა სრულად გამოიყენეს მიმღები ქვეყნის უპირატესობა. კონფერენციის მუდმივ თავმჯდომარედ დანიშნულ იქნა აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჰ. მორგენტაუ. მისი კანდიდატურის წამოყენების დროს მექსიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა ე. სუარესმა ხოტბა შეასხა ამერიკელი მინისტრის „გაბედულ და შორსმჭვრეტელურ“ ფინანსურ პოლიტიკას, რომელმაც „ბრძოლაში გამოიწვია ორთოდოქსული აზროვნება“ და „დიადი ქვეყანა მიიყვანა ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან გადაულახავი სიძნელეების დაძლევით“. კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეებად დამტკიცდა საბჭოთა კავშირის, ბრაზილიის, ბელგიისა და ავსტრალიის დელეგაციის ხელმძღვანელები. ფაქტობრივად, ფორუმის ბატონ-პატრონი იყო ჰ. დ. უაიტი. ის მართავდა მოლაპარაკებების პროცესებს, ახდენდა პრესკონფერენციების ორგანიზებას, აკონტროლებდა სტენოგრამების მომზადებასა და გავრცელებას. მასზე იყო დამოკიდებული, იქნებოდა თუ არა საკითხი კენჭისყრაზე დაყენებული. თვითმხილველთა განცხადებით, როცა მორგენტაუმ მიმართა უაიტს სიტყვებით „ახლა უპირატესობა ჩვენს მხარესაა და პირადად ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამით“, უაიტმა უპასუხა: „უპირატესობა მათ მხარეზე რომ ყოფილიყო, ისინი მას გამოიყენებდნენ“. აშშ-სათვის ფრიად მომგებიან ემიციურ ფონს ქმნიდა ახალი გახსნილი მეორე ფრონტი. სხდომის დარბაზებში გამეფებული იყო ამაღლებისა და მტერზე სწრაფი გამარჯვების მოლოდინი, გამომსვლელები ხშირად და გულმხურვალედ გამოხატავდნენ ამერიკული მთავრობისადმი მადლიერებას [Валентин Катасонов, 2015, 16].

კონფერენციის მუშაობა მიმდინარეობდა სამ კომისიაში. პირველი კომისია დაკავებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის საკითხებით, მეორე კომისია - რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შექმნით, ხოლო მესამე კომისია - საერთაშორისო სავალუტო თანამშრომლობის სხვა ასპექტებით. პირველ-ორ კომისიას თავის შემადგენლობაში ჰყავდა ოთხ-ოთხი კომიტეტი.

ყველაზე მნიშვნელოვანი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ჰ. დ. უაიტი, თავმჯდომარის მოადგილედ - ვენესუელის წარმომადგენელი, ხოლო მომხსენებლად - კანადის წარმომადგენელი. მის ოთხ კომიტეტს თავმჯდომარეობდა ჩინეთის, საბჭოთა კავშირის, ბრაზილიისა და პერუს წარმომადგენლები. სხვა სიტყვებით, პირველ კომისიაში ყველა ხელმძღვანელი პოზიცია დაკავებული ჰქონდათ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებს, ასევე საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს. ევროპელებს აპრიორულად არ შეეძლოთ შესამჩნევი გავლენის მოხდენა კომისიის მუშაობაზე. კეინზი ხელმძღვანელობდა მეორე კომისიას მომავალი მსოფლიო ბანკის საკითხებზე. მის მოადგილედ დაინიშნა ჩილეს წარმომადგენელი, ხოლო მომხსენებლად - ბელგიის წარმომადგენელი. ოთხ კომიტეტს მეთაურობდა ნიდერლანდების, კუბის, კოლუმბიისა და ინდოეთის დელეგატები.

აშშ-ის დელეგაცია  ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო კონფერენციაზე: 12 დელეგატი, 17 ტექნიკური და 5 იურიდიული მრჩეველი. შვიდ ბრიტანელ დელეგატს შორის, კეინზის გარდა, იმყოფებოდა ხაზინის სამი წარმომადგენელი, თითო-თითო ჩინოვნიკი სამხედრო უწყებიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ვაშინგტონში დიდი ბრიტანეთის საელჩოდან. ფრანგული დელეგაცია შედგებოდა ფინანსთა კომისრისგან, ფინანსთა სამინისტროს მრჩეველისგან და ოთხი მრჩეველი დელეგატისგან. საბერძნეთმა ფორუმზე გაგზავნა სამი დელეგატი: ცენტრალური ბანკის მმართველი, ფინანსთა სამინისტროს ჩინოვნიკი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. „მაუნთ ვაშინგტონში“ მყოფი ჰოლანდიის ოთხი დელეგატიდან ორი იკავებდა ოფიციალურ პოსტებს ამ ქვეყნის მისიაში აშშ-ში. იუგოსლავია წარმოდგენილი იყო აშშ-ში საელჩოს ერთი დესპანით [Буторина О. В., 2018, 70].

დამაჯერებელმა ფოკუსირებამ გლობალურ მიღწევაზე ფორუმის ორგანიზატორებს საშუალება მისცა კონფერენციაზე მოეზიდათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნები, რომლებსაც არ ჰქონდათ ამბიციები საერთაშორისო სავალუტო სფეროში. ვაშინგტონისათვის ისინი წარმოადგენდნენ თავისებურ სასარგებლო პოლიტიკურ ბალასტს. საბჭოთა კავშირის მონაწილეობა ამაღლებდა კონფერენციის უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რუბლი არაკონვერტირებადი ვალუტა იყო, ხოლო მოსკოვი არ აპირებდა ანგლო-ამერიკულ კამათში რომელიმე მათგანისთვის მხარდაჭერას. საბჭოთა კავშირის პირველი რიგის ამოცანა მსოფლიოს ომისშემდგომი მოწყობის საქმეში იყო შემდეგი: გერმანიისა და იაპონიის გრძელვადიანი გაუვნებელყოფა, მეგობრული სახელმწიფოების შექმნა დასავლეთი საზღვრის გასწვრივ, შორეულ აღმოსავლეთში უფლებებისა და ტერიტორიების დაბრუნება, შავი ზღვის სრუტეების რეჟიმის გადახედვა. ომისშემდგომი დაგეგმვის საკითხებით დაკავებული იყო საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის სამი კომისია. მათი თემატიკა მოიცავდა სამშვიდობო მოლაპარაკებების მომზადებას, დაზავებისა და რეპარაციის საკითხებს. საბჭოთა ხელმძღვანელობა აშშ-ს განიხილავდა, როგორც შორეულ სახელმწიფოს, რომლის ინტერესები ნაკლებად იკვეთებოდა საბჭოთა კავშირის ინტერესებთან. ერთ-ერთი დასახელებული კომისიის მეთაური, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარის მოადგილე ი. მ. მაისკი საფუძვლიანად ვარაუდობდა, რომ აშშ-ის ექსპანსია დაეყრდნობა არა სამხედრო ძალას და ტერიტორიების დაპყრობას, არამედ „ფინანსურ-ეკონომიკური ანექსიის“ მეთოდებს, რომელიც გეოგრაფიულად ძირითადად გვერდით ჩაუვლიდა საბჭოთა კავშირს, რადგან თავის ძირითად მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა დიდ ბრიტანეთს.

საბჭოთა დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილე მ. ს. სტეპანოვი. სხდომებზე მისი გამოსვლა არსებით წინადადებებს არ შეიცავდა და მხოლოდ გაკვრით თუ ეხებოდა მომავალი კონტრიბუციის საკითხებს. მოაწერა რა ხელი შემაჯამებელ დოკუმენტებს, საბჭოთა კავშირმა არ მოახდინა მისი რატიფიკაცია, არ შეუერთდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მუშაობას. როგორც ნ. ა. ვოზნესენსკი აღნიშნავს, საბჭოთა კავშირის ეკონომიკის ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი პრინციპი იყო მისი „დამოუკიდებლობა კაპიტალისტური სახელმწიფოებისა და მონოპოლიებისაგან“. საბჭოთა სახელმწიფო არ გამორიცხავდა თავის მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციებში იმ პირობით, თუ ისინი „არ გამოაცხადებდნენ პრეტენზიას საბჭოთა კავშირის შიდა ურთიერთობებში ჩარევაზე და არ შეეხებოდნენ საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ სისტემას“.

ვაშინგტონისათვის სარფიანი მონაწილე იყო ჩინეთი თავისი უზარმაზარი მოსახლეობით. პირველ კომისიაში ჩინეთის წარმომადგენელი იყო პირველი კომიტეტის თავმჯდომარე, სადაც წყდებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიზნები, პოლიტიკა და კვოტები. ჩინეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა კუნ სიანსი, რომელიც ჩან კაიშის მთავრობაში ცენტრალური ბანკის მმართველი იყო. მისი სიტყვებით, ომის დასრულების შემდეგ ჩინეთი გეგმავდა დაბრუნებოდა ფულად სისტემას ვერცხლის, ნიკელისა და სპილენძის საფუძველზე.

უნდა გავიხსენოთ, რომ ჩინელებმა მსოფლიოში პირველებმა დაიწყეს ქაღალდის ფულის გამოყენება. ის ჩინეთის სამხრეთით უკვე X საუკუნეში გამოჩნდა, თავდაპირველად მას უშვებდნენ უმსხვილესი საბანკო ოჯახები, ხოლო 970 წლიდან - მთავრობა. იუანის დინასტიის ეპოქაში (1206-1367 წწ.) ქაღალდის ფულმა მოიპოვა საყოველთაო მიმოქცევის ფუნქცია ჩინეთის ტერიტორიაზე. 1889 წლიდან ჩინეთმა დაიწყო ვერცხლის მონეტების გამოჭედვა მექსიკური დოლარის სტანდარტით - წონით 24 გრამი. ჩინეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ოქროს მონეტები გამოიშვებოდა შეზღუდული მასშტაბით. ეს კი, ჩინელი ავტორების აღიარებით, მოწმობდა მსოფლიო სტანდარტისგან მათ ჩამორჩენას. XIX საუკუნის ბოლო და XX საუკუნის დასაწყისი აღინიშნა ეროვნული ფულადი სისტემის ჩამოშლით და ნატურალური გაცვლის რეანიმაციით. 1933 წელს გომილდანის მთავრობამ კვლავ შემოიღო ვერცხლის იუანები, მაგრამ უკვე 1935 წელს დაუბრუნდა არაუზრუნველყოფილ ქაღალდის ფულს.

ფულადი მიმოქცევის სფეროში ჩინეთის მთავრობის გეგმები შორს იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო სისტემის მოწყობის იმ შეხედულებებისგან, რომლებიც გააჩნდა ვაშინგტონსა და ლონდონს. ჩინეთს, როგორც სსრკ-ს, ჰქონდა არაკონვერტირებადი ვალუტა, არ გააჩნდა საერთაშორისო სავალუტო კონფერენციებში მონაწილების გამოცდილება, არ შეეძლო და არც აპირებდა გავლენის მოხდენას ბრეტონ-ვუდსის ფორუმის შედეგებზე.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ქვეყნების ნაწილი ტრადიციულად იყენებდა ფულადი ლითონის სახით ვერცხლს. კონფერენციის მსვლელობისას მექსიკა, რომელზეც მოდიოდა ვერცხლის მსოფლიო წარმოების 40%, ცდილობდა მიეღწია მისი გამოყენებისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოპერაციებში. მექსიკის დელეგაციამ მოუწოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, შემუშავებულიყო სპეციალური ინსტრუმენტები ქვეყნების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ვერცხლის უპირატესი მიმოქცევით. მექსიკის დელეგაცია ვარაუდობდა, რომ მოცემული წინადადება მხარდაჭერილი იქნებოდა ყველა დელეგატის მიერ, რამდენადაც ამის სარეალიზაციოდ საჭირო იყო ფონდის შედარებით მცირე რესურსები, ხოლო მისი მოწონება იქნებოდა „ელემენტარული საერთაშორისო სამართლიანობის აქტი“. თუმცა კონფერენციამ ყურად არ იღო აღნიშნული წინადადება, მისი განხილვისათვის საჭირო დროის უკმარისობის საბაბით.

მრავალი დელეგაცია ბრეტონ-ვუდსში ჩავიდა ერთადერთი მიზნით - მიეღოთ საერთაშორისო კრედიტები ომისგან განადგურებული ეკონომიკის აღსადგენად. ჩეხოსლოვაკიის დელეგაციის მეთაურმა ლ. ფეიერაბენდმა ხაზი გაუსვა თავის გამოსვლაში იმას, რომ საერთაშორისო სავალუტო სტაბილიზაცია მიუღწეველი იქნებოდა გრძელვადიანი კრედიტების პრობლემების გადაჭრის გარეშე. ოკუპაციისთანავე ქვეყანამ მთლიანად დაკარგა ფინანსური რესურსები, ვინაიდან ნაცისტებმა ხელში ჩაიგდეს ქვეყნის საკუთრებაში არსებული ყველა საგარეო აქტივი. ჩეხოსლოვაკიას არ გააჩნდა კოლონიები და არ შეეძლო დახმარებისათვის მიემართა მეზობელი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ასევე გამოფიტულნი იყვნენ ომისგან. მიუხედავად იმისა, რომ მეორე კომისია დაკავებული იყო მომავალი მსოფლიო ბანკის შექმნის საკითხით, ძირითადი ყურადღება მაინც დაეთმო ოქრო-დოლარის სტანდარტის შეთანმებისა და დანერგვის საკითხებს. მას თითქმის მთლიანად მიეძღვნა კონფერენციის მუშაობის სამიდან ორი კვირა. ძალთა ასეთი განაწილება სრულად შეესაბამებოდა პრიორიტეტებს, რომლებიც ასახული იყო 1944 წლის თებერვალში რუზველტის მიერ სტალინისადმი გაგზავნილ წერილში.

კონფერენციაზე ჩამოყალიბდა პარადოქსული სიტუაცია. მხოლოდ ერთი ქვეყანა დაჟინებით მოითხოვდა ფიქსირებულ კურსს და მის მიბმას ოქროსთან. მონაწილე სახელმწიფოების უდიდესი უმრავლესობა დათანხმდა არაუზრუნველყოფილი ქაღალდის ფულის ემისიას, ხოლო შიდა მიმოქცევაში ოქროს დაბრუნებაზე საუბარიც კი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. მაშასადამე, კონფერენციის მონაწილეებმა სხვადასხვა მიზეზის გამო იოლად დათმეს პოზიციები აშშ-ის სასარგებლოდ.

ევროპულ ქვეყნებს სამხედრო მდგომარეობის გამო არ შეეძლოთ წამოეყენებინათ სერიოზული წინადადებები ახალი საერთაშორისო სავალუტო სისტემის მოწყობის თაობაზე. კონფერენციის ჩატარების მომენტში არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული ეროვნული ინტერესები მოცემულ სფეროში, მით უფრო - დამუშავებული ინიციატივები. მათ ასევე ვერ შეძლეს შეექმნათ ფართო კოალიცია ბრიტანული ან მისი მსგავსი ევროპული გეგმის მხარდასაჭერად. აუმოქმედებელი დარჩა ევროპული ეკონომიკური მეცნიერების მძლავრი ინტელექტუალური რესურსები. კონფერენცია ომის დასრულების შემდეგ რომ ჩატარებულიყო, მაშინ მის მუშაობაში მაღალი ალბათობით ჩაერთვებოდნენ სტოკჰოლმის სკოლის წარმომადგენლები: გ. კასელი, ბ. ულინი, გ. მიურდალი და სხვები. განსაკუთრებით ღირებული შეიძლება გამხდარიყო ავსტრიული ეკონომიკური სკოლის წვლილი ისეთი წარმომადგენლების სახით, როგორებიც იყვნენ ი. შუმპეტერი, ლ. ფონ მიზესი, ფ. მახლუპი, ფ. ფონ ჰაიეკი [Буторина О. В., 2018, 72].

ოქრო-დოლარის სტანდარტის შემოღება არ ყოფილა ომისშემდგომი მსოფლიო სავალუტო სისტემის ორგანიზაციის ერთადერთი შესაძლო ვარიანტი. მისი ალტერნატივა იყო კეინზის მიერ შემოთავაზებული ფიდუციარულ ფულზე და მცურავ კურსებზე გადასვლა. შუალედური ვარიანტი შეიძლება ყოფილიყო კურსების ფიქსაცია დოლარსა და ფუნტს შორის, რომლებზეც მოდიოდა მსოფლიო ვაჭრობის უდიდესი ნაწილი.

ფ. რუზველტის ადმინისტრაციამ 1944 წელს განახორციელა მსოფლიო ისტორიაში ეკონომიკური დიპლომატიის უდიდესი ოპერაცია. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა კონფერენციის მოწვევის დროს - შუალედს მეორე ფრონტის გახსნიდან ანტიჰიტლერული კოალიციის ევროპული სახელმწიფოების მინისტრთა სრულფასოვანი კაბინეტების ჩამოყალიბებამდე, აგრეთვე ომის დამთავრებამდე. ვაშინგტონის სასარგებლოდ სასწორის გადახრა მიღწეულ იქნა ოპონენტების მოკვეთით ჰიტლერული კოალიციის ქვეყნებიდან (ე.წ. ღერძის ქვეყნებიდან, რომლებშიც შედიოდნენ გერმანია, იტალია, იაპონია და ანტიჰიტლერული კოალიციის არაწევრი ქვეყნები), ევროპული მოკავშირე ქვეყნების დელეგაციების დასუსტებით და იმ ქვეყნების დიდი რიცხვის მოწვევით ფორუმზე, რომლებსაც არ გააჩნდათ ამბიციები საერთაშორისო ფინანსების სფეროში.  

ამრიგად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა დაკარგეს შესაძლებლობა, უარი ეთქვათ ვალუტის ოქროთი უზრუნველყოფადობაზე და გადაედგათ ნაბიჯი წინ ფიდუციარული ფულის განვითარებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს სტანდარტის შინაგანმა დაუსაბუთებლობამ გამოიწვია მისი კრახი 1971 წელს, დოლარის ხანგრძლივმა დომინირებამ ომისშემდგომ პერიოდში ჩამოაყალიბა მყარი საბაზრო საფუძველი დღემდე მისი ლიდერობისათვის. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Валентин Катасонов, Золото и доллар: покорение мира, http://poznavatelnoe.tv/katasonov_zoloto_dollar_pokorenie_mira
  2. Валентин Катасонов, Золотой обман Бреттон-Вудса http://poznavatelnoe.tv/katasonov_komu_podchinyaytsa_rus_banki
  3. Буторина О. В. Как США обеспечили победу доллара в Бреттон-Вудсе, http://www.instituteofeurope.ru/images/stories/structura/butorina/Butorina_Dollar's_Triumph_in_Bretton_Woods_Voprosy_Economiki_2015_N8.
  4. Ahamed L. (2014). Bretton Woods: Keyens versus White. Proceedings of OeNB Workshops, No. 18, pp. 38-40.
  5. Chitu L., Eichengreen B., Mehl A. (2012). When did the Dollar Overtake Sterling as the Leading International Currency? Evidence from the Bond Markets. ECB Working paper, No. 143.